Saturday, November 30, 2013

პროექტის შესახებ




 
                     ხარაგაულის რაიონი ოდითგანვე გამოირჩეოდა თავისი სილამაზითა და ისტორიული სიძველით. აქ მრავლადაა დევების მითოსთან დაკავშირებული ტოპონიმი. საინტერესოა, რა კავშირი აქვს დევებს ხარაგაულთან, რატომ დაერქვა პალეოლითურ ნამოსახლარს, რომელიც სოფელ უჩამეთში მდებარეობს,  დევის ხვრელი. რატომ დადგეს დევების სკულპტურული ქანდაკებები დაბის შესასვლელში, რომელიც დღეს ხარაგაულის სავიზიტო ბარათია.
ეს ინტერესი მით უფრო გაგვიმძაფრდა მას მერე, რაც შევიტყვეთ, რომ ჩვენს მიუვალ მთებში, ქვიან ტაფობებზე, რომელსაც ,,ნაქალაქარი" ჰქვია, მოეწყო სენსაციური ექსპედიცია. მისი მონაპოვარი კი იქნა ძვლები. პალეონტოლოგმა აბესალომ ვეკუამ კვლევის შდეგად  აღნიშნული ძვლები: წვივის, ბარძაყის, თავის ქალის ფრაგმენტები, მიაკუთვნა გიგანტის ტიპის ადამიანებს, რომელთა სიმაღლეც 2,5-3 მეტრია. მათი ასაკი კი განისაზღვრა 25 ათასი წლით. აბესალომ ვეკუა აცხადებს, რომ ,,ეს აღმოჩენა იქნება სენსაცია, რადგანაც სამეცნიერო წრეებში დიდი ხანია მიმდინარეობს თემის განხილვა, რომელიც უკავშირდება გიგანტებს, რომლებიც ევრაზიის ცალკეულ რაიონებში რამდენიმე ათასი წლის წინ ცხოვრობდნენ. ვეკუას თქმით, ეს ადამიანები ცხოვრობდნენ და ვითარდებოდნენ სხვა ცივილიზაციებისაგან დამოუკიდებლად რის გამოც,  ისინი განსხვავდებოდნენ საკუთარი სიმაღლით. სხვადასხვა სამეცნიერო ლიტერატურაში მათ მოიხსენიებდნენ როგორც გოლიათებს, თუმცა ამ ჰიპოთეზის დამადასტურებელი ფაქტები ამ დრომდე არ არსებობდა".
ექსპედიციის ხელმძღვანლის ბატონ ერეკლე ჯულაყიძის თქმით,  ,,თუ ექსპერტიზა დაამტკიცებს, რომ ძვლები, რომლებიც ასევე ბლომად იქნა მოპოვებული ექსპედიციისას ძუძუმწოვარს, მით უმეტეს, ადამიანს ეკუთვნის მაშინ საქმე მსოფლიო მნიშვნელობის აღმოჩენასთან გვექნება, რომელიც პრეისტორიული ეპოქის შესახებ მთლიანად შეცვლის დრევანდელ წარმოდგენას".

ხარაგაულში ძალიან ბევრი ადგილია შეუსწავლელი და იდუმალებით მოცული, რომელიც დევებს უკავშირდება. სწორედ, ამიტომ გაგვიჩნდა იდეა მოგვემზადებინა კვლევა ,,დევი-მითი თუ რეალობა"

ხარაგაულის რაიონის სოფელ ლეღვანში, აწ უკვე გარდაცვლილ მონადირეს თავს ერთი უცნაური ამბავი გადახდენია: ნადირობისას (თოვლიან ამინდში) იგი მიწის ვიწრო ჭრილში ჩავარდნილა და აღმოჩენილა გამოქვაბულში, სადაც ქვის უზარმაზარი სკამები  და სატაპეზო მაგიდა  იყო. სკამები ზომით ჩვენი მაგიდის ზომისანი ყოფილა.შეშინებულ მონადირეს თავი სასწრაფოდ დაუღწევია ამ გამოქვაბულისათვის, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ კვლავ გასჩენია სურვილი მოენახულებინა ეს ადგილი, მაგრამ ვეღარ მიუგნია. ლეღვანის მოსახლეობა და მწყემსები ხშირად პოულობდნენ ხოლმე თურმე ბარძაყის გიგანტურ, თითქმის მეტრამდე ზომის, ძვლებს და ისინი ამტკიცებდნენ კიდეც, რომ აქ უცხოვრიათ გიგანტური ზომის ადამიანებს.