,,დისქავერის" სპეცჯგუფი ხარაგაულში


11:22 / 10-06-2014მსოფლიო დონის აღმოჩენა ხარაგაულის ნაკრძალში - გიგანტური ადამიანის ძვლები და "დისქავერის" 5-კაციანი ექსპედიცია საქართველოში (ექსკლუზივი) საქართველოში "დისქავერის" 5-კაციანი ჯგუფი ჩამოვიდა. მათი ვიზიტის მიზანია, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ურთულესი მონაკვეთის გავლა, ალპურ ზონაში ასვლა და ამ ყველაფრის გადაღება... ექსპედიცია გუშინ უკვე დაიწყო.
ყველაფერს კი 6 წლის წინ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ჩატარებული ქართველი სპეციალისტების ექსპედიციით ჩაეყარა საფუძველი, რომელსაც ასეთი ფაქტი უძღვოდა: აკრძალულ ზონაში, მწყემსებმა, გაუკვალავ გზაზე, ნახირის აყვანის შემდეგ, სამარხი აღმოაჩინეს, რომელშიც (სავრაუდოდ) გიგანტური ადამიანის ძვლების ფრაგმენტები დახვდათ. ამასთან, იქვე ნატაძრალიც იყო...
ეს ამბავი ქუთაისში პროფესორს, არქეოლოგ ერეკლე ჯულაყიძეს აცნობეს. მაშინვე ენთუზიასტების ჯგუფი შეიკრიბა, რომელთაც აღნიშნულ მონაკვეთზე ასვლის სურვილი გაუჩნდათ. იმ ჯგუფში იყო ჟურნალისტი ლელა ნინუაც (ამის შესახებ მაშინ მახსოვს, მეც ვწერდი. ბატონმა ერეკლემ ექსპედიციის მონაწილეებს გიჟური იდეის ავტორები დაარქვა). ჯგუფმა დანიშნულების ადგილამდე რთული გზა განვლო... მათ მიერ გადაღებული ვიდეომასალით კი იმ პერიოდში უცხოური არხები ინტერესდებოდნენ, მუდმივად ეხმიანებოდნენ ექსპედიციის მონაწილეებს. ამჯერად კი "დისქავერი" დაინტერესდა და ქართველ სპეციალისტებთან ერთად, იმ მონაკვეთის ხელახლა გასავლელად და გადასაღებად 5-კაციანი ჯგუფიც ჩამოვიდა. 8 ივნისს ყველანი ერთად, იმ გზაზე დაიძრნენ, რომელიც ქართულმა ექსპედიციამ 2008 წელს გაიარა.
ლელა ნინუა (ინტერვიუ გამგზავრებამდე მოგვცა. - ავტ.): - ექსპედიცია არ შედგებოდა, რომ არა, ეს ენთუზიასტი ადამიანები. პირველად, 6 წლის წინ, ნამდვილად არ ვიცოდით, სად მივდიოდით, იქ რა დაგვხვდებოდა ან რას აღმოვაჩენდით, - ამიტომაც ჩვენი საქციელ სიგიჟედ მოინათლა... სამი დღე ფეხით ალპურ ზონაში ავდიოდით. უამრავი სირთულე გადავლახეთ, 16 საათი მარტო გაყინულ მდინარეზე ვიარეთ, მერე ნისლი ჩამოწვა და თქეში წამოვიდა... ვერც ვიძინებდით. ტყეში, რა თქმა უნდა, იყვნენ მტაცებლებიც. ამიტომ ღამ-ღამობით დიდ კოცონს ვანთებდით, რომელთანაც მორიგეობა გვქონდა დაწესებული, რომ ჩვენს კარავს მტაცებელები (მგელი, დათვი...) არ დასხმოდნენ. მხეცების დასაფრთხობად დიდი რკინის ნატეხებს ერთმანეთს ვურტყამდით, ბოლო ხმაზე ვყვიროდით. იმაზე არ არის ლაპარაკი მინდვრის თაგვები და მცირე ზომის ქვეწარმავლები რომ ზედ გადავგვდიოდნენ, როცა კარვებში ცოტას ჩაგვთლემდა ხოლმე, მაგრამ ისეთი დაღლილები ვიყავით, მათი მოგერიების თავი აღარ გვქონდა. მოკლედ, მთა, კლდე, მდინარე, ჩანჩქერი, - ყველანაირი წინააღმდეგობის დაძლევა მოგვიხდა. დანიშნულების ადგილზე ორი დღე დავყავით, სადაც მართლაც დაგვხვდა ეკლესიის ნაკვალევი, ადამიანის განმარხებული ძვლები, (დაუმარხავი ადამიანი ვულკანურ ქანებსა და ქვებში მოექცა). მოკლედ, მათი იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა... მოკლედ, აღნიშნული ადგილი პალეონტოლოგების შესასწავლია.
- უძველეს ლიტერატურაში მოხსენიებულია ფაქტები, რომ არსებობდნენ გიგანტური ადამიანები. ამაზე ძველი ბერძნული მითოლოგიაც მეტყველებს...- დიახ, იმ გიგანტი (სამმეტრიანი) ადამიანის კვალს მთელი მსოფლიო ეძებს, რომელებზეც ისტორიულ წყაროებში კარგად არის ახსნილი... სამწუხაროდ, ჩამოტანილი მასალა ნახა ერთადერთმა მსოფლიო დონის პალეონტოლოგმა, მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა აბესალომ ვეკუამ. ის ეროვნული მუზეუმის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი გახლდათ, რომლის სიტყვას ყველა ენდობოდა (სამწუხაროდ გარდაიცვალა). ჩვენი ექსპედიციის შემდეგ წერდა: "სარკოფაგის ტიპის სამარხი ვნახე, სადაც ეყარა ძვლები, რომელიც თავიდან მღვიმური დათვის მეგონა. თუმცაღა შევცდი, ეს ნამდვილად ადამიანის ძვლებია. მის სიგრძეს განსაკუთრებული ზღვარი უდევს მინიმუმიდან მაქსიმუმამდე - ბარძაყის ძვლისა და დიდი წვივის ქვედა და ბოლო ფრაგმენტის. გამოდის, რომ ის ერთი ადამინის საკუთრებაა, რომელიც გოლიათი ყოფილა".
- "დისქავერის" მიზანი ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა არის? - იღებენ ფილმს. ექსპედიციას ჩვენი მხრიდან მხოლოდ 5 წევრი უნდა გავყვეთ და მათგანაც 5-ია. იგივე მარშრუტი უნდა გავიაროთ... "დისქავერელებმა" თქვეს, სულ რომ არაფერი აღმოვაჩინოთ, მხოლოდ გზა და ბუნება რომ გადავიღოთ, ესეც საკმარისი იქნებაო...
- 6 წლის შემდეგ ახლა როგორი განცდებით მიდიხარ?- რომ მახსენდება ის განსაცდელი, რაც მაშინ გვქონდა, ახლა სერიოზულად მაკანკალებს... მაშინ გამგზავრებისას ასე არ ვღელავდი...
- როგორც მახსოვს, მაშინაც და ახლაც ამ ექსპედიციის შემადგენლობაში ერთადერთი ქალი იყავი და ხარ... - კი, ასეა.
ოთარ ბაღათურია, პროფესორი, ჯგუფის ხელმძვანელი:- ჩვენი ექსპედიცია პირველი რიგში მსოფლიოს მასშტაბით საქართველოს პოპულარიზაციას ემსახურება. მერე ვიწრო ინტერესიც არის: ყველაფერი იმ ადგილით დაინტერსების გამოწვევას ემსახურება იმისთვის, რომ იქ შემდეგში მუდმივმოქმედი ექსპედიცია დაფუძნდეს, რომელიც იქაურობას საგულდაგულოდ შეისწავლის. თუ ასეთი დაინტერესება მოხდება, დაწვრილებით და კარგად იქნება შესწავლილი ტერიტორია, მერე ფინანსური მხარდაჭერაც გახდება საჭირო... მაგრამ ჯერ "დისქავერიზე" ამ ყველაფრის გაჟღერებამ ეს დაინტერესება შეიძლება გამოიწვიოს. თუ იქ კიდევ სხვა ძვლის ფრაგმენტებიც აღმოჩნდა და სრულფასოვანი ჩონჩხის რეკონსტრუქცია მოხდა, ამასთან, დამტკიცდა ისიც, რომ ეს არის გიგანტური ადამინი, - ეს უკვე საინტერესო და მრავალმხრივი კვლევის თემა გახდება.
- თქვენი ვარაუდით, ნამდვილად ადამიანის ძვლებია?- დასადგენია გიგანტური ძვლები ვისია - გიგანტოპითეკის (ადამიანის მსგავსი მაიმუნი, ოღონდ, უფრო მაიმუნისკენ რომ იხრება), მეგანთროპის (ადამიანსა და მაიმუნ შორის რომაა), თუ ჰომოგიგანტიკუსის (გიგანტური ადამიანი). თუ დამტკიცდა, რომ ის ადმიანების ერთ-ერთი წინაპარია, ცხადია მნიშვნელოვანი თემაა...
მერე უნდა დადგინდეს ქართველია თუ არა. საერთოდაც მაინტერსებს, ბაღათურია ხომ არ არის (სიცილით ამბობს), რადგანაც, "ბაღათური" ბევრ ენაში (ქართული, ინდური, ოსური, ირანული, მონღოლური, სლავურ ენებში) გოლიათს ნიშნავს: "ბაღათარი", "ბაადური", "ბაჰადური", "ბაგატირ", დიახ, დევკაცია. მოკლედ, ეს ყველაფერი როგორც გვარად ბაღათურიას, მე ისედაც მაინტერესებს... მაგრამ იმის შანსი, რომ იქ რბილი ქსოვილები აღმოჩნდეს, თუნდაც, პაწაწუნა ნაწილებიც, დეენემის ანალიზი რომ გაკეთდეს, მიზერულია. ამიტომ, ამაზე ფსონს არც ვაკეთებთ... თუმცა ვნახოთ.
- ალბათ ექსპედიციამ იქ მუდმივად უნდა ჩიჩქნოს რაღაც, რომ იქნებ ასეთ კვალსაც მიაგნოს...- დიახ და მაშინ უკვე იმის იდენტიფიცირებაც მოხერხდება,  ვინ არის ის და არის თუ არა ჩემი წინაპარი?
- თუ ამას მიაღწევთ, მაშინ თქვენი გვარის ღირსეული შთამომავალი იქნებით...
- "დისქავერი" იმაზე შევიპირე, რომ თუ ისეთი რბილი ქსოვილები აღმოჩნდება იქ, რაზეც უკვე მოგახსენეთ, რომ დეენემის ანალიზი გაკეთდეს, მაშინ ჩემს დეენემსაც წაიღებენ...
- საკმაოდ რთული მონაკვეთის გავლა გიწევთ. მზად ხართ ამ ყველაფრისთვის?- ფიზიკური გამოცდის ჩაბარება გზაში ნამდვილად მომიწევს. ექვსი წლის წინ უკეთეს ფორმაში ვიყავი, მაგრამ მაინც გავქაჩავ. რაც მთავარია, მორალურად ვარ მზად და ასეთი მზაობით იწყება ყველაფერი...
- მტაცებლების არ გეშინიათ?- ძალან მეშინია, სინამდვილეში - არა, ისინი ადამინს უფრთხიან. შეიძლება ადამიანს მგელი, ფოცხვერი, ან დათვი დაესხას, მაგრამ თუ მარტოა, იმ შემთხვევაში. იქ იარაღი აკრძალულია, რადგანაც ნაკრძალია... წინა ექსპედიციისას ასეთ რაღაცას შევესწარით: იქ მწყემსები არიან და უცებ ხარმა ბღავილი ატეხა, გამოცვივდნენ მწყემსები. დათვს ხარი მოეგდო, მაგრამ ადამიანები რომ დაინახა, მიატოვა ნადავლი და გაიქცა, თუმცა ხარის დატორვა კი მოასწრო. მოკლედ, ადამინების ეშინიათ. რაკი ამდენი ვართ, მათგან თავის დაცვა არ გაგვიჭირდება...
ლალი ფაცია
სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის
როგორ იმუშავა "დისქავერის" სპეცჯგუფმა ხარაგაულში გიგანტური ადამიანის ნაკვალევზე

როგორ იმუშავა "დისქავერის" სპეცჯგუფმა ხარაგაულში გიგანტური ადამიანის ნაკვალევზე ლალი ფაცია,"ambebi.ge"

2014-06-17 19:48:51
Ambebi.ge-სთვის ექსკლუზიურად მიცემულ ინტერვიუს, - "მსოფლიო დონის აღმოჩენა ხარაგაულის ნაკრძალში - გიგანტური ადამიანის ძვლები და "დისქავერის" 5-კაციანი ექსპედიცია საქართველოში", დიდი რეზონანსი მოჰყვა. ამასთან, ის სტატია არაერთმა ქართულმა თუ უცხოურმა ინტერნეტგამოცემებმა მთავრ გვერდებზე განათავსეს. ქართულ-ბრიტანული ჯგუფი, რომელიც ამ აღმოჩენის კვალდაკვალ 8 ივნისს ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნული პარკისკენ დაადგა გზას, რამდენიმე დღეა, რაც ექსპედიციიდან დაბრუნდა და Ambebi.ge კვლავაც ექსკლუზიურად გაესაუბრა, - ახლა უკვე ნანახის შესახებ საკუთარი შთაბეჭდილებები გაგვიზიარეს.
ერეკლე ჯულაყიძე, ბიოლოგი, პროფესორი, მოგზაური, ექსპედიციის წევრი:- ჩვენი მთავრი მიზანი იყო, 2008 წელს გავლილი გზა ხელახლა გაგვევლო. გვენახა ადგილები, სადაც წლების წინ აღმოჩენები გვქონდა. არ გვქონდა არავითარი უფლება, რომ იქ რაიმე გვეთახარა და რაიმე ტიპის სამუშაო გვეწარმოებინა არც ახლა და არც მაშინ, მაგრამ 2008 წელს ამის შესახებ არ ვიცოდით და ცოტა მაინც გვათხარეთ, დაზვერვითი სამუშაოს სახით.
"დიქავერიმ" ყველაფერი გადაიღო, ის ჩვენს ძველ გადაღებულ კადრებსაც გამოიყენებს, რომელიც იმპულსს მისცემს მომალში დაინტერსებულ ადამიანებსა და შესაბამის ინსტიტუტებს ახალი ტექნოლოგიური კვლევისთვის. პრინციპში, უკვე დაინტერესდნენ და მასალა მანჩესტერის უნივერსიტეტის მოლეკულური ბილოგიური გენეტიკის ლაბორატორიაში გავგზავნეთ. საიდანაც 10 დღეში პასუხები ჩამოგვივა.
- ანუ გვეტყვიან, არის თუ არა ეს ძვლები ადამიანის?- დიახ. შევთანხმდით იმაზეც, რომ ეს კვლევა გაგრძელდება და მასში ფართო სპექტრის სპეციალიტებიც ჩაერთვებიან, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მუშაობენ და თავის საქმის აღიარებული სპეციალიტები არიან. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც 2014 წლის ექსპედიციას მოჰყვა.ამასთან, რაც მთავრია, მსოფლიო ამ ფილმით კიდევ ერთხელ შეიტყობს საქართველოს შესახებ, მისი მრავალფეროვანი ბუნებისა და ლანდშაფტების შესახებ და ამის შემდეგ აქ უამრავი ტურისტი ჩამოვა.
- სანამ ლაბორატორიის დასკვნა იქნება, როგორ ფიქრობთ, - აღმოჩენილი ძვლები ეკუთვნის თუ არა ადამიანს?- რა თქმა უნდა, ეკუთვნის. ამაში 100 პროცენტით ვარ დარწმუნებული და ეჭვი ერთი წუთითაც არ მეპარება.
ოთარ ბაღათურია, ისტორიკოსი:- ჩემი მინიმალური მიზანი მსოფლიოს მასშტაბით, ამა თუ იმ ფორმით, საქართველოს პოპულარიზაციაა. ეს მიზანი შესრულებულია და კიდევ პერსპექტივაში სხვა პროექტების ("დისქავერის" ფორმატის) განხორციელების შანსებიც გაჩნდა.
მასალები ექსპერტიზაზეა წაღებული... აკლდამა ჩანგრეულია, ამიტომ ძვლებისა და მიწის ნაწილის აღრევა მოხდა... გამოითქვა ვარაუდი, რომ აკლდამის დუღაბი შესაძლოა, კვერცხის ცილასაც შეიცავდეს. იქვე მოშორებით არის განმარხებული ძვლები, რომლებიც შეზრდიია ქვებს... მოკლედ, ძალზე მრავალმხრივი კვლევისთვისთვის არსებობს საფუძველიანი ასპარეზი. გაჩნდა ასევე პალეონტოლოგიური კვლევის ინტერესიც, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ჯერ შედეგებს უნდა დაველოდოთ.
- მაინც რა პერიოდს უნდა მიეკუთვნებოდეს ის ყველაფერი?- ნატაძრალი ადრექრისტიანული პერიოდის არის, ქრისტიანობის მიღებიდან პირველი საუკუნეებიის. ასევე არის ქვის გზა, რომელსაც თამარის პერიოდს მიაკუთვნებენ... ლეგენდის თანახმად, ვარძიიდან მართლაც გადმოუყვანიათ რიტუალური ქვის გზა, რომელიც თამარმა ააშენებინა. გზა იქიდან დასავლეთ საქართველოში
გადადის. ეს ყველაფერი შეიძლება, გვიანდელი ლეგენდა იყოს, ხოლო რეალურად, ეს ბრტყელი ფილები შესაძლოა, გეოლოგიური წარმონაქმნი იყოს.
- მოკლედ, სერიოზულად გამოსაკვლევი ობიექტია...- დიახ, საჭიროა, მუდმივმოქმედი ბანაკის დაბინავება, რომ იმუშაონ არქეოოგებმა, პალეონტოლოგებმა, გეოლოგებმა ქართველებმა და უცხოელებმაც. საფუძვლიანი კვლევა უნდა ჩატარდეს. უნდა ვიცოდეთ, რა აღმოვაჩინეთ...
ჟურნალისტი ლელა ნინუა, როგორც უკვე იცით, ექსპედიციის ერთადერთი ქალბატონი წევრი გახლდათ როგორც 2008 წელს, ისე ახლა - 2014-ში, რომელიც "დისქავერელებმა" საკუთარი ფილმის თანაავტორად გამოაცხადეს... ის არ შეუშინდა გზის სირთულეს და დაუფიქრებლად ურთულეს გზას დაადგა:
- დიდი სირთულეების დაძლევა მოგვიხდა, - წვიმა, მდინარის ფეხით გადალახვა, სიცივე, შიმშილი, უძილობა - ყველაფერი გამოვცადეთ, თუმცა ბედნიერი ვარ, რომ ვიყავი საოცარ პროფესიონალებთან ერთად, სერიოზული სკოლა გავიარე...
- რას გვეტყვი უცოელ კოლეგებზე?- "დისქავერის" ჯგუფი ასე იყო წარმოდგენილი: ბრიუს ფენეტონი - ეზოთერიკი, უცნაური მოვლენების მისტიკური ფენომენების ექსპერტი. წლებია ამ თემაზე მუშაობს, მოგზაურობს მსოფლიოში - დაკარგულ ქალაქებს ეძებს. ამავე დროს არის გადაცემის წამყვიც. ამჯერად ის "დისქავერის" დირქტორის, პროდიუსერის, ოპერატორის, რეჟისორისა და სცენარის ავტორის - შტეფან მიზელესის მოწვევით ჩამოვიდა. შტეფანიც ჩვენთან ერთად იყო. ჯგუფში ასევე მოწვეული გახლდათ სამხედრო ექიმი - მაიკ ნედამი - ამავე დროს სპეცდანიშნულების რაზმის მწვრთნელი. ჯგუფში იყო ხმის რეჟისორი - მარტინ ჩესკუ. მათი მიზანი გახლდათ საკუთარი თვალით ენახათ ყველაფერი და ნანახი კამერითაც დაეფიქსირებინათ...
2008 წელს, იმ ადგილს, პირველად რომ ვეწვიეთ, ყურადღება არ მიგვიქცევია იმისთვის, რომ იქ კარგად დამუშავებული ქვის უზარმაზარი ლოდები იყო. ბრიუსის ვარაუდით, იმაზე მიანიშნებს, რომ იქ კარად განვითარებული ქალაქი უნდა ყოფილიყო, რომელსაც ლოდებით მოპირკეტებული ასასვლელი ჰქონდა. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ყველაფერი ზღვის დონიდან 2300 მეტრზე ხდება. დღემდე უცნობია იქ არსებული ეკლესიის აგების თარიღიც. მაშინ არც თაღისებური სამარხი შეგვიმჩნევია, ამაზე ბრიუსმა მიგვაქცევინა ახლა ყურადღება. მოკლედ, მისი აზრით, ეს ადგილი, ყველა პარამეტრით, ნაქალაქარზე მიუთითებს. დავრწმუნდით, რომ "დისქავერის" წარმომადგენლებისთვის სირთულე არ არსებობდა, ისინი სულ მუშაობდნენ. ის კი არა, ბრიუსი ამბობდა, მსგავსი ექსპედიციის გადაღება მისი ოცნება ყოფილა და ეს ოცნება საქართველოში აიხდინა. გადაღებაზე ჯუნგლებში ვაპირებდი წასვლას, მაგრამ აქეთ გამოვემგზავრე, რასაც არ ვნანობო. ის სერიოზულად დააინტერესდა ქანებში განმარხებული ძვლებით. მსგავსი რამ მსოფლიოს მასშტაბით, იშვიათი სანახავია, რაც სავარაუდოდ, კლიმატურმა ცვლილებემა გამოიწვიაო.
- რამდენი დღე დასჭირდა ამჯამად ასვლას?- 2 დღის განმავლობაში ავდიოდით, იქ 2 დღე დავყავით და ჩამოსვლასაც 2 დღე მოვანდომეთ. ვიმეორებ, მსგავსი გუნდური მუშაობის პრინციპი ჯერ არ მინახავს. მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ ასეთი რამ რეალურად ვნახე. ისინი პატივს სცემდნენ ჩევენს აზრს, ყველაფერზე კომენტარს მაკეთებინებდნენ. ბრიუსს აქვს თავისი ფორუმი და როგორც ვიცი, საქართველოზე საუბარს მან იქ უკვე სერიოზული ადგილი დაუთმო. მან მე ფილმის თანაავტორად გამომაცხადა.
- ამ მოგზაურობისას რაიმე უცნაური ამბავი ხომ არ შეგემთხვათ?- როდესაც უკან ვბრუნდებოდით, თითქმის დაშვებულები ვიყავით, ტურისტებისთვის სპეციალურად განკუთვნილ ადგილზე, ზესტაფონის მარგვეთისა და უბისას ეპარქიის წმინდა გიორგის ტაძრის მღვდელი (შვილებთან ერთად იყო ამოსული) შეგვხვდა. მას ბრიუსმა მისი სიზმრის შესახებ უამბო, გარდაცვლილმა მეუღლემ სიზმრში უთხრა, საქართველოში რომ წახვალ, დალოცვილი იქნებიო... ალბათ ჩემი გარდაცვლილი მეუღლე ამაზე მიანიშნებდა, რაც აქ ვნახეო. - არა, ამაზე არ მიუთითებდა, აქვე მდინარე ჩამოდის და ახლა უნდა მოგნათლოო. კათოლიკე ბრიუსმა დაუფიქრებლად თანხმობა განუცხადა. ნათლიები მე და პროფესორი ოთარ ბაღათურია გახლდით. ასე გახდა ეკვადორელი ბრიუსი მართლმადიდებელი ანდრია... ასვლისას ვამბობდით, რომ ჩვენ ერთი გუნდი ვართო და ჩამოსვლისას ვთქვით, რომ ჩვენ ერთი ოჯახი ვართ. ბრიუსმა საქართველოში ასე შეიძინა მშობლები. 

No comments:

Post a Comment