ნაქალაქარი

ნაქალაქარი, სადაც იქნა აღმოჩენილი გიგანტი ადამიანის ძვლები, მდებარეობს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული ტყე-პარკის ტერიტორიაზე, ალპურ ზონაში 2600მ. სიმაღლეზე, კლდოვანი მთის წვერზე. აქ არის ტყით დაფარული ნანგრევები, მთელი ფართობი კი ქვის უზარმაზარი ფილებით არის მოფენილი. კლდეებში მრავლადაა ხელოვნური ქვაბული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ აქ დასახლება ყოფილა. დასახლების შუაში კი სამლოცველოს ნანგრევებია შემორჩენილი. თუმცა დასადგენია, რომელ პერიოდს ეკუთვნის სამლოცველო და მისი საძირკველი წარმოადგენს თუ არა წარმართული პერიოდის რიტუალური ნაგებობების ნაშთებს. მის გარშემო კი ბევრი სამარხია. ყველაზე უფრო საყურადღებოა მწყემსების მიერ შემთხვევით ნაპოვნი გამოქვაბულის შესასვლელი (შესასვლელი გაუხსნელია). აქ, ნაშალ ქანებში, შეინიშნება უამრავი ნაყარი ძვალი, რომლებიც დაუდგენელი წარმოშობის არსებებისა უნდა იყოს.


,,რკინისჯვარი"
                                                            მთა ,,სამეცხვარიო"



                                                                                                                    ,,სახვლარი"
                                                         









 ხარაგაულის ტერიტორიის ამ ნაწილმა, კერძოდ, ,,სახვლარის", ,,ტბის", ,,სამეცხვარიოსა" და ,,რკინისჯვრის" მიდამოებმა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის 60-იან წლებში მიიქცია ყურადღება, უამრავი მასალა გამოქვეყნდა გაზეთებში ,,დროება", ,,კვალი",, ივერია".
1915 წელს ადგილობრივ მკვიდრს, ,,ფარცხნალელის" ფსევდონიმით, მოუვლია ხარაგაულის ეს მთიანი მხარე და მეტად საინტერესო წერილი დაუწერია გაზეთ ,,საქართველოში":

,,შორაპნის მაზრის აღმოსავლეთ-სამხრეთის ნაწილი ხარაგოულს უჭირავს, ამ რაიონის სამხრეთ ნაწილს ახალციხის მაზრის ჩრდილოეთი ნაწილისაგან აჭარის მთების ქედი ჰყოფს, აჭარის მთების ერთი ნაწილი, რომელიც სოფელ ფარცხნალს უფრო უახლოვდება, სახელდობრ, ,,ტაძარი", ,,სახვლარი", ,,რკინისჯვარი",  ,,ტბა",  ,,პანტნარი" და ,,ფიქალა" შესანიშნავი ადგილებია და  ჩვენი ისტორიკოსებისა და არქეოლოგების ყურადღების ღირსია. ეს ადგილები დღეს მხოლოდ მწვანე ბალახით აბიბინებულ მინდვრებსა და ხე-ტყით დაფარულ გორაკებს წარმოადგენენ, მაგრამ ძველ დროში ( დანამდვილებით როდის,  საუბედუროდ,არ ვიცით) აქ ქალაქები და სოფლები ყოფილა გაშენებული. ამის უტყუარი ნიშნები თვალით ჩანს. ,,ტაძარი" შედარებით დიდ მაღლობ სერს უფრო წააგავს, ვინემ მთასა. ეს სახელი ამ მთას, უნდა ვიფიქროთ, შემდგომში დარქმევია, რადგანაც  დანგრეული ტაძარი, რომლის კედლები თითქმის კაცის სიმაღლისოდენაა, სრულიად ჩანს უვნებლად. ტაძარი სპონტიკოს ქვისგან არის ნაშენები, ტაძრის ირგვლივ, მიწაში, ნაშენი ქვის სახლების საფუძვლები მოსჩანს და გარშემო ოთხკუთხიანი ნათალი ქვები ჰყრია. დანგრეული ტაძარი პატარა ზომისაა, შიგ ხის ჯვარი დგას. დღეს, ყველასაგან მივიწყებული ეს ადგილი სანახირედაა გადაქცეული. ,,სახვლარი", სადაც ნაქალაქები და ბევრი ნასოფლარია, ჭალა ადგილია, ყველა კუთხიდან მაღალი მთების წვერები დასცქერის. აქ ზაფხულობით ცხოვრობს შორაპნის მაზრის ტყის უფროსი (ლესნიჩი) ბატონი მაისურაძე( მაისუროვი). ,,სახვლარში" უფრო ნათლად სჩანს  უწინდელი სიცოცხლის ნიშნები. ადგილები ნაჭრებადაა დაყოფილი დიდი, მაღალი ხავსმოკიდებული ქვის საგნებით, არის გაყვანილი ქვით მოკენჭილი დიდი საურმე გზები. აქვე, ერთ დიდ ნასოფლარში, არის დანგრეული საყდრის კედლები.
,,რკინისჯვარი" აქაური მთების ბატონია. მას სახელწოდება აქაურების რწმენით ანდრია პირველწოდებულისაგან აქვს მიღებული. აწყურში მიმავალმა ანდრია  მოციქულმა რამოდენიმე ხნით ამ მთაზე დაისვენა,ბოლოს ერთ მაღალ სერზე რკინის ჯვარი აღმართა და გზას გაუდგაო. დღეს ჯვარი არსად ჩანს, მაგრამ ჯვრის არსებობას ამ მთაზე მოხუცები ნამდვილად ამტკიცებენ.
,,ტბა" ერთი საუკეთესო ადგილია აქაურ მთებს შორის, ისეთი ვაკეა, როგორც ხელის გული. აქედან გამომდინარეობს წმინდა და სასმელი მოზრდილი ტბის წყალი(მდინარე ,,ბჟოლისხევის" დასაწყისი). ,,ტბის" ბოლოში, თვალუწვდენელ, სურნელოვან ფიჭვნარში ამაყად გამოიყურება ,,ტბის" დანგრეული ეკლესიის კედლები. ეს ეკლესია ბევრად უფრო დიდია ,,ტაძრისაზე" და ,,სახვლარისაზე". აქ ძველი სიცოცხლის ნიშნები მარტო დანგრეული ეკლესიის კედლებით განისაზღვრება.
,,პანტნარი" ხეხილის ბაღს წარმოადგენს. აქ ყოველგვარი ხილის ნიმუშია წარმოდგენილი, რაც კი საქართველოში ხარობს. ეს ადგილი უფრო ფერდობიანია და თბილი და ჩვენ ძველებსაც ბაღ- საყანედ ჰქონებიათ. ,,ფიქალა" უკანასკნელი სოფელიაჰორაპნის მაზრისა, აქედან ახალციხის მაზრა იწყება.პანტნარელებს მოსახლეობა და საყდარი ,,ფიქალაში" ჰქონებიათ. ამ საყდრისაც დღეს მხოლოდ ნანგრევები მოსჩანს და მეტი არაფერი. ყველა აღნიშნული ნასოფლარი( დღეს მთებად ქცეულნი) და საყდრები ერთი-ერთმანეთზე კაი მოზრდილი მანძილით არიან დაშორებულნი. ,,ტაძრიდან" ,,სახვლარამდე"ხუთი ვერსი იქნება. ,,სახვლარიდან ,,რკინისჯვარამდე ათ ვერსამდე იქნება. ,,ტბა" ,, პანტნარი"და ,,ფიქალა" უფრო ახლო-ახლო არიან ერთმანეთთან.  დღს,  ყველა ეს ადგილები საძოვარ მინდვრებად არიან გადაქცეულები  და სრულიად არავინ ზრუნავს იმის გაგებას თუ რომელ საუკუნეში იყო აქ  სიცოცხლე და მოსახლეობა. რა მოუვიდათ ან რა დაემართათ იმ ჩვენს წინაპრებს,რომლებიც  აქ იღწვოდნენ და ცხოვრობდნენ. ან როგორ ახერხებდნენ აქ ცხოვრებას, როდესაც აღნიშნულ ადგილებში ენკენისთვიდან დაწყებული მაისის დამლევამდის თითქმის ყოველწლობით  თოვლი ძევს.
სულითა და გულით ვსთხოვთ ქართველ ისტორიკოსებსა და არქეოლოგებს ამ ზაფხულს დაათვალიერონ ჩვენს მიერ აღნიშნული დანგრეული ეკლესიები და ადილები. გზის მაჩვენებლობას თუ ისაჭიროებენ და ისურვებენ მე გავუწევ."

                                                                            ფარცხნალელი
                        (  გაზეთი ,,საქართველო" 1915 წელი, 14 ივლისი, N 43)

მასალა ამოღებულია იზა ვეფხვაძის წიგნიდან ,,ხარაგაული"

No comments:

Post a Comment